ისტორია

„ბავშვთა ქალაქის“ შექმნის იდეა ნოდარ დუმბაძეს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა. მწერალმა მაშინ დისნეი-ლენდი მოინახულა და გადაწყვიტა, რომ ქართველი ბავშვებისთვისაც შეექმნა სივრცე, სადაც ხმაურიანი ქალაქის მიღმა სრულიად სხვა, ზღაპრული სამყარო გადაიშლებოდა, სადაც ბავშვები და მათი მშობლები შეძლებდნენ დასვენებას და გართობას. მწერლის იდეა მალე რეალობად იქცა და მშენებლობაც დაიწყო. “მზიური” თბილისში 1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა, თუმცა მან თავისი პირვანდელი დანიშნულების სრულყოფა, რომ დედაქალაქს ჰქონოდა რეკრეაციულ ზონა და ატრაქციონებით აღჭურვილი მინი-ქალაქი „მზიური“ – ბოლომდე ვერ განხორციელდა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლამ, შემდეგ კი მძიმე 90-იანმა წლებმა პროცესები მნიშვნელოვნად შეანელა. დროთა განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე დაიწყო მშენებლობა, რის გამოც „მზიურის“ ტერიტორია შემცირდა და დღეს, ის მხოლოდ პარკის ფუნქციას ასრულებს. მზიურისთვის ახალი ეტაპი 2006 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როცა ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ მეგობრებთან ერთად ნოდარ დუმბაძის იდეის გაცოცხლება გადაწყვიტა.

-„ხომ შეიძლება ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ მზიურ ქალაქში ერთი დღე მაინც იყოს ისეთი, როგორზეც მწერალი ოცნებობდა? ყველა იღიმებოდეს, ბავშვების ჟრიამული ისმოდეს, ყველა უფროს კი ბავშვობაში დაბრუნება შეეძლოს. ყველა ბედნიერი იყოს… თუნდაც ერთი დღით მაინც…“

ღონისძიებას თავდაპირველად “მზის ზეიმი” ეწოდა. 2009 წლიდან მან ფესტივალის სახე მიიღო და უფრო მასშტაბური გახდა, სახელი „მზის ზეიმი“ -“მზის ფესტივალმა” შეცვალა. ყველაფერი კი ერთი დევიზის ირგვლივ ერთიანდება – „ჩვენ ვხედავთ მზეს“…

„მზის ფესტივალის“ დაარსების დღიდან, მასში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებიც აქტიურად მონაწილეობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართულნი: მართავენ კონცერტებსა და გამოფენებს. ეს დღე  განკუთვნილია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მათთვის, ვისაც ერთი დღით მაინც სურს ბავშვობაში დაბრუნება…

„მზის ფესტივალს“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც სამთვარობო, აგრეთვე კერძო სექტორიდან. 2011 წლიდან კომპანია “ჯეოსელი” ფესტივალის თანაორგანიზატორი და ერთგული მეგობარია. სწორედ ამიტომ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ბავშვთა ქალაქში მზის ფერს იასამნისფერიც ემატება.